ღების თემი შედის ონის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში. თემის ფართობი ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით 20.000 ჰექტარია. თემი მოიცავს სამ სოფელს: დიდი ღები, პატარა ღები და გონა. ამჟამად გონა დაცარიელებულია მოსახლეობისგან, წინაპარების სახლებს ზაფხულობით სტუმრობენ გონელები. ტოპონიმები: დიდი ღები და პატარა ღები პირობითი სახელებია, ასე ანსხვავებენ რიონის მიერ გაჭრილ სოფლის ორ ნაწილს.
თემი ზღვის დონიდან 1800 მეტრზე მდებარეობს. მთავარ გზამდე იგი დაშორებულია 30 კმ-ით, რეგიონის ცენტრამდე -- 60 კმ-ით, დედაქალაქამდე – 480 კმ-ით. ღებში მიგრაციის შედეგად ძლიერ შემცირდა მაცხოვრებელთა რაოდენობა, ამჟამდ თემში 720 მოსახლეა. 500 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში ახლა 45 ბავშვი სწავლობს. თემში არსებობს საბჭოთა პერიოდში აგებული საბავშვო ბაღი, მაგრამ ამ დროისთვის იგი არ ფუნქციონირებს. ღებში მდებარეობს ბიბლიოთეკა, რომლის ფონდი 4374 წიგნს მოიცავს და 160 მკითხველს ემსახურება. მოსახლეობას ემსახურება ამბულატორია და აფთიაქი.
თემში განვითარებულია მეცხოველეობა და მეკარტოფილეობა – ტრადიციული და პერსპექტიული დარგები. ადგილობრივი მოსასახლეობას შინაურ მეურნეობებში ჰყავთ 50 სული ხარი, 1000 ფური, 50 ცხვარი, 450 ღორი და 1500 ფრინველი.
თემის ბუნებრივი რისკ-ფაქტორებია: სეტყვა, წყალდიდობა და დიდთოვლობა.
საქართველოს ბურჯი
ღების თემი ამჟამად მხოლოდ ერთ სოფელს -- ღებს მოიცავს და გადაშლილია კავკასიონის მთავარ და შოტის ქედებს შორის. თემს უჭირავს რიონის ხეობის 25 კილომეტრინი უკიდურესი ზემო წელი და მდინარე ჩვეშურის ხეობა მთლიანად, რიონ-ჭანჭახის ქვაბულის დასავლეთი ნაწილი 355 კმ2 ფართობით. სოფელი მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრ სიმაღლეზე. ჭარბობს მაღალმთიანი რელიეფი.
ჩრდილოეთით-კავკასიონის წყალგამყოფი ქედით ღებს ესაზღვრება ოსეთი და ყაბარდო-ბალყარეთი. ოსეთთან დამაკავშირებელია კირტიშის რელტეხილი, რომელსაც ჩვეშურის სათავიდან ურუხის ხეობაში გადავყავართ. Yაბარდო-ნალყარეთიდან კი ფასის მთის უღელტეხილი, რომელიც რიონისა და მდინარე ჩერექის ხეობებს აკავშირებს. დასავლეთით ღებს ემიჯნება ქვემო სვანეთის ზემო – ლაშხეთი, ლეჩხუმის ქედით. ღები სვანეთს, კერძოდ ვაციწვერის გადასასვლელით უკავშირდება. სამხრეთით – შოდის ქედით ღებს საზღვრავს რაჭის სოფლები: უწერა და საკაო. რომლებთანაც დამაკავშირებელია: შოდის, სეისურისა და საკაურას გადასასვლელები. აღმოსავლეთით კი ღების მოსაზღვრეა მთარაჭის სოფელი ჭიორა.
ღები ყოველი მხრიდან შემოჯარულია მაღალი მთაგრეხილებითა და მწვერვალებით, რომელთაგანც აღსანიშნავია: ღაბო (4314 მ.), წითელი (4258 მ.), წიხვარგა (4139 მ.), ედენა (3879 მ.), ზოფხითო (4009 მ.), პატარა ედემა (3879 მ.), თაიმაზი (3855 მ.), შოდა (3608 მ.), ფასა (3780 მ.), ისკარა (3767 მ.), დონგურა (3768 მ.), სანარცხია (3600 მ.) და სხვა მწვერალები.
სოფლის ტერიტორია მდებარეობს ზღვის სუბტროპიკული, ნოტიო ჰავის ოლქში. დამახასიათებელია უხვთოვლიანობა და გამყინვარება, რაც მაღალმთაიანი ნოტიონ ჰავის საწინდარია. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა კი, ზამთარში. წლიური ნალექების რაოდენობა საშუალოდ 1500 მმ-მდე აღწევს.
სოფელი ძალზე მდიდარია შიგა წყლებით. მთავარი მდინარე, რიონი სათავეს იღებს ფასის მთის კალთაზე. სიდიდთ მეორე მდინარ, ჩვეშური სათავეს იღებს კირტიშის მიყინვარიდან. მისი სიგრძე 16 კმ-ია. ჩვეშური რიონის მარცხენა შენაკადია და ღებში უერთდება დედამდინარეს.
მდიდარია ღები მცენარეული საფარით. ტერიტორიის დაახლოებით 80-90 კმ2 ტყეებს უკავია. ტყის ქვედა ზოლში უმეტესად გავრცელებულია: წიფელი, მუხა, რცხილა, ზედა ზოლში კი – წიფელი, ლეკი, არყი, ცირცველი (ჭნავი). ალპურ ზოლში დიდი ფართობი უკავია დეკას ბუჩქნარს. ძალზე დიდ ფართობებზეა გადაჭიმული სათიბ-საძოვრები და ალპური მდელოები.
“ღების” პირველი მოხსენება საისტორიო-წერილობით წყაროებში 1503 წელს განეკუთვნება. საუკუნეთა მანძილზე იგი სვანეთის შემადგენლობაში შედიოდა. ამრიგად, ტოპონიმ “ღების” სათავე სვანურ გარემოში უნდა ვეძიოთ.
მიგვაჩნია, რომ “ღები” სვანური სიტყვაა და ნიშნავს როფს (გეჯა) ანუ ჩაღრმავებულ ადგილს, რასაც კარგად ამართლებს სოფლის რელიეფი.
ძვ.წ. III ათასწლეულის მეორე და II ათასწლეულის პირველ ნახევარში საქართველოს მოსახლეობის კულტურამ და მეურნეობამ ძლიერ მაღალ დონეს მიაღწია, მაგრამ განვითარების დონე ყველა რაიონში ერთნაირი არ ყოფილია. განსაკუთრებით დაწინაურებულა მთიანი მხარეები – თრიალეთი, რაჭა, ყვირილას ზემო ნაწილი, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ზოგიერთი მხარე და შიდა ქართლის ჩრდილო ზოლი.
აღნიშნული პერიოდის კულტურის ძეგლები კარგადაა წარმოდგენილი ბრილის სამაროვანზე. “ბრილი” სოფელ ღების დასავლეთით მთებზე წყალთაშუა ტერასებზეა განლაგბული, რომლის სამაროვანიც რამდენიმე კულტურული ფენისგან შედგება. სამაროვანის უძველესი ფენა ეკუთვნის ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისს, ხოლო უახლესი, ახ.წ. III – IV საუკუნეებს.
ბრილის უბრწყინვალესი ძეგლების აღმოჩენა, გამომზეურება, მაღალ მეცნიერულ დონეზე შესწავლა-დამუშავება და აღნიშნული კულტურისთვის საერთო კავკასიური და საკაცობრიო მნიშვნელობის მინიჭება მჭიდროდაა დაკავშირებული გამოჩენილი ქართველი მეცნიერის – ღების მკვიდრ გერმნე გობეჯიშვილის მეცნიერულ მოღვაწეობასთან.
ბრილის ტერიტორიაზე 1939 წლიდან დაიწყო ძველი სამაროვანის არქოლოგიური გათხრა. სამაროვანი ოთხი ფენისგან შედგება, რაც იმას მოასწავებს, რომ იგი საუკუნეების განმავლობაში ყოფილა გამოყენებული. სამარხებში აღმოჩენილი ვერცხლის რგოლები, ბრინჯაოს ბალთები, ბრინჯაოს კირკლები, ცხოველთა ქანდაკებები, ყელსაბამები, ბეჭდები, შუბის წვერები, სატევრები, საყურეები, ქვის სამკაულებიდან სარდიონისა და გიშრის მძივები და სხვა.
ბრილის კულტურამ რამდენიმე ეპოქა (ბრინჯაოს ხანა, რკინის ხანა, ანტიკური ხანა) მოგვცა. რაც იშვიათი მოვლენაა მსოფლიო კულტური ისტორიაში.
1833 წელს საქართველოში იმოგზაურა და ღებს ეწვია ცნობილი შვეიცარიელი მეცნიერი დიუბუა დე მონპერე. მან ღების შესანიშნავი ჩანახატი დაგვიტოვა. ჩანახატებზე კარგად მოსჩანს ციხიკარს აღმართული ძველი ღების მაცხოვრის ეკლესიის სილუეტი - ზედქალაქის კარგი გუმბათიანი საყდარი. დიუბუამ ეკლესიის მოკლე აღწერილობაც დაგვიტოვა: “ეკლესია ღების ძველი და ძალზე სადაა. მას აქვს ოთკუთხა გუმბათი. ეკლესიის შესასვლელი სავსეა ხარის რქებით, ისევე როგორც სხვაგან კავკასიაში, სადაც ყოველი რელიგიური დღესასწაული ხარის შეწირვით ხდება. აკლდამები ზედაპირზე ეკლესიის გარშემო არის განლაგებული, რომელიც სოფლის ყველაზე მაღალ ადგილზეა.” დიუბუას ღების ეკლესიამ თავისი მშობლიური ნოი შატელის საყდარი მოაგონა.
მაცხოვრის სახელობის ეკლესია სიძველის გამო დაზიანებული იყო, ამიტომ 1840-იან წლებში დაანგრიეს, რის შემდეგაც სოფელმა ახალი უფრო მასშტაბური ეკლესია ააგო დაბლა – ჯვარიყანაში, 1850-იან წლების დასაწყისში.
1921 წელს რუსეთის მიერ საქრთველოს ხელმეორედ დაპყრობის და კომუნისტური რეჟიმის დამყარებას ათეისტური იდეების დამკვიდრებაც მოჰყვა, რამაც ეკლესიების გაუქმება და ნგრევაც გამოიწვია. ტაძარი, რომელიც “თეთრი ხომალდივით” იდგა სოფლის შუაგულში და საუკუნე ამშვენებდა ღებს, დაანგრიეს 1950 წელს. XXI საუკუნის დასაწყიში, უფლის ნებით და ღების თემის მოსახლეობის სახსრებით შესაძლებელი გახდა მაცხოვრის ეკლესიის ხელახლა აშენება იმავე ადგილზე, სადაც ტაძარი იყო აღმართული.
შუა საუკუნეების მთარაჭის არქიტექტურული ფორმები საოცარ მსგავსებას ავლენენ სვანურ არქიტექტურასთან. შეიძლება ითქვას, ეს არცაა მსგავსება, არამედ -- იდენტურობა – გამეორება სვანური ხუროთმოძღვრებისა.
სვანური მურყვამის ტიპის სამ-ოთხსართულიანი ღებური დუროიანი სახლი ერთდროულად ითავსებდა საცხოვრებელი და საბრძოლო--თავდაცვით ფუნქციებს.
დუროიანი სახლის პირველი სართული სამურნეო დანიშნულების იყო. მეორე და მესამე სართული – საცხოვრებელი, მეოთხე – შენობის დამაგვირგვინებელი სართული – ქორედი დუროებით კი, საბრძოლო ბაქანს წარმოადგენდა. გადახურვა ორფერდა სახურავიანი იყო. ქორედს 16 საბრძოლო დუროს ატანდნენ (ოთხ-ოთხი ყოველ მხარეს).
დუროიანის სახლის მეოთხე სართული – ქორედი მეტად შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის და საინტერესოა, როგორც არქიტექტურულად, ისე კონსტრუქციული თვალსაზრისით. იგი სახლს გვირგვინივით ადგას. ქორედი გამოსულია გარეთ 15-20 სმ-ით, რაც მეტ ლაზათს ანიჭებს ნაგებობას მთლიანობაში.
ღებში ჩვენს დრომდე შემორჩენილი იყო ერთი დუროიანი სახლი, მაგრამ, სამწუხაროდ, ოთხი წლის წინ დაინგრა და მისგან ნანგრევები დარჩა.
ღების ხევში საბრძოლო დანიშნულების კოშკები შენდებოდა დუროიანი სახლი გვერდით და მასთან კავშირში. დუროიანი სახლის მესამე სართულის კედელში დატანებული კარი გვაფიქრებინებს, რომ მათ შორის უნდა ყოფილიყო გადასასვლელი, დამაკავშირებელი ხის ხიდი.
ღებური კოშკი უმეტესად 6-7 სართულიანი იყო. სიმაღლე დაახლოებით 18-20 მეტრი. სიმაღლესთან ერთად კოშკი ვიწროვდება გარედან, რაც მეტ სიმაგრეს აძლევს ნაგებობას. კოშკის დამამთავრებელი სართული საბრძოლო-თავდაცვით ბაქანს წარმოადგენდა თორმეტი დუროთი (ყოველი მხრიდან სამ-სამი დურო). დასანანია, რომ ღებური თვალშეუდგამი კოშკებიდან მხოლოდ ერთიღა შემოგვრჩა დღემდე – დედაღვთისად წოდებული, რომელიც გასულ წელს შეკეთდა.
ღების თემის ტერიტორიაზე საგუშაგო კოშკებს აგებდნენ ძნელად მისადგომ შემაღლებულ ადგილზე. მათ შორის მანძილი დამოკიდებული იყო რელიეფურ თავისებურებაზე, ისე რომ კოშკებს შორის მხედველობა კარგი ყოფილიყო. დაცილება მათ შორის შეადგენდა დაახლოებით 2-3 კმ-ს. საერთო სიგრძე საგუშაგო კოშკთა სისტემისა 30 კმ-დე იყო გადაჭიმული, რომელიც ერთ მთლიანობაში მნიშვნელოვან ხუროთმოძღვრულ ანსამბლს შეადგენდა და ჩვენს წინაპართა მაღალი სამშენებლო კულტურის მაჩვენებელია.
საგუშაგო კოშკი სამ-ოთხსართულიან ნაგებობას წარმოადგენდა, რომლის ზომებიც სხვადასხვა იყო ადგილ-მდებარეობის მიხედვით. კოშკებში მეციხოვნეები იდგნენ და ცეცხლის დანთებით აცნობებდნენ ხოლმე სოფლებს მოახლოებულ საფრთხეს. მდინარე რიონის ხეობაში საგუშაგო კოშკთა სისტემა ღებიდან იწყებოდა და გორიბოლოს მთავრდებოდა: ღები-წოხა-თევრეშო-სათხეურა-ხოფითო-ბრილი. მდინარე ჩვეშურის ხეობაში: ღები-კაისარეთო-ჩვეშო-კოდნარა I – კოდნარა II – ქვაციხე. ეს ის ადგილებია, სადაც ჯერ კიდევ კარგად შეინიშნება მათი ნანგრევები.
ღების სკოლის დაარსება, განვითარება და საბოლოო სახით ჩამოყალიბება განუხრელადაა დაკავშირებული XIX-XX საუკუნის ღების ისტორიის ნათელ ფურცელთან. სკოლამ განსაკუთრებული როლი შეასრულა მთარაჭველთა ცხოვრებაში. ათასობითი მისი მკვიდრი ეზიარა ამ სასწავლებელში ცოდნას. ღების სკოლამ თავიდანვე იკისრა მეტად მძიმე ტვირთი – მთარაჭველთა წერა-კითხვის უცოდინარობის აღმოფხვრა და სწავლა-განათლების დამკვიდრება ჩვენს კუთხეში, რაც დიდი წარმატებით შეასრულა.
ღებში სკოლა დაარსებული იქნა 1868 წელს. 1872 წელს ღებს ესტუმრა ინგლისელი მოგზაური და მთასვლელი გროვე, რომლის მოწოდებული ცნობითაც ღებში უკვე არსებობს ერთწლიანი სკოლა. იგი ორსართულიან შენობაში იყო განთავსებული ადგილ ჯვართყანაში, რომელშიც ოციოდე მოსწავლე სწავლობდა. სკოლის შენობა სოფელს აუშენებია თავისი ძალებით. გროვე და მისი ჯგუფი სკოლის შენობაში მოუთავსებიათ ღამის გასათევად.
უნდა აღინიშნოს რომ 1860-იანი წლებიდან მოწინავე ქართველი მამულიშვილებისა და საზოგადოების ინიციატივით და ხელშეწყობით ბევრი პირველ დაწყებითი სკოლა გაიხსნა საქართველოში. განსაკუთრებულ მონდომებას ამ მხრივ იჩენს ქუთაისის გუბერნიის ქართველი ინტელიგენცია. სწორედ ამ დროს წერდა იაკობა გოგებაშვილი: “მთელს დედამიწის ზურგზედ ვერ მოძებნით იმისთანა კუთხეს, სადაც ხალხსა ჰქონდეს იმაზედ მომეტებული წადილი სწავლისა და ცოდნისა, როგორც არსებობს დასავლეთ საქართველოში.” აღნიშნულ პერიოდს უკავშირდება რაჭაში რამდენიმე სკოლის გახსნა და მათ შორის, ღებშიც.
პირველი ღებელი მასწავლებლები მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს გამოჩნდნენ: ოქროპირ ლობჯანიძე (პაატიანთი) და ალექსი გობეჯიშვილი (ზვიდუკეეთი), რომელთა მოღვაწეობამაც დიდი სიკეთე მოუტანა, როგორც სკოლას, ისე მთარაჭის საზოგადოებას. 1913 წელს ღების სკოლა ოთხკლასიან სასწავლებლად იქცა და ახლად აგებულ მშვენიერ შენობაშიც დაიდო ბინა (ნაგებობა დღესაც დგას სოფლის ცენტრში). ეს იყო მნიშვნელოვანი მოვლენა, რამაც საგრძნობლად აამაღლა სწავლის დონე.
1919 წელს უკვე დამუკიდებელ საქართველოში გარდაიქმნა არასრულ საშუალო სასწავლებლად – შვიდწლედად. იმ წელს სკოლამ 100-მდე მოსწავლე მიიღო პირველ კლასში, რაც მეტად დიდი მიღწევაა იმ დროისთვის.
1934 წელს ღების სკოლა სრულ საშუალო სასწავლებლად გარდაიქმნა, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს.
საამაყოა, რომ კავკასიონის მთავარ ქედსა და შოდის ქედს შორის მოქცეული ბუნების სიმშვენიერეში ჩაფლული ულამაზესი სოფელი ღები, სულ მცირე, 4500 წლის ისტორიას ითვლის და დღესაც, ისე როგორც უწინ, ბურჯად უდგას საქართველოს ჩრდილოეთის მხრიდან.
ამ ვიდეოში ღებია ნაჩვენები
ამჟამად ღები ასე გამოიყურება
სოფელ ღების (ღები—სვანურ. „ღებ“—ნიშნავს ჩაღრმავებულ ადგილს) დაარსებას ხალხური თქმულება მიაწერს ლეჩხუმიდან გამოქცეულ ვიღაც მღებავს, რომელსაც თურმე იქ კაცი შემოკვდომია და მთის რაჭაში გახიზნულა. მას აქეთ ხელი მიუყვია თვისი ხელობა-მღებრობისათვის და ამ სოფელსაც ღები დარქმევია. შემდეგ ღები სხვადასხვა მხრიდან გადმოსახლებული გვარებით მოშენებულა. პირველად აქ უნდა გადმოსახლებულიყო ჩვეშოდან ლობჯანიძეების წინაპარი ხოშიტა ლობჯანიძე, რომელიც დაბინავებულა რიონის მარჯვენა მხარეს
No comments:
Post a Comment